ხუნწის ციხის არქეოლოგიური კვლევა-ძიების ახალი ეტაპი დასრულდა
ხუნწის ციხეზე დასრულდა არქეოლოგიური კვლევა-ძიების მომდევნო ეტაპი, რომელიც მეოთხე წელია ხორციელდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის ჩრდილოეთით მდებარე ციხის ადგილმდებარეობას მისი შემსწავლელი ექსპედიციის წევრები დიდი ალბათობით ისტორიულ ონოგურისთან აიგივებენ.
კულტურული მემკვიდრეობის ახ. წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეების დროინდელ ძეგლზე კვლევის განვლილი ეტაპი მიწის დონეზე დანგრეული ციხის აღმოსავლეთ გალავნის საძირკვლის 17 მეტრიანი მონაკვეთის, დასავლეთ კოშკის ნაშთისა და ციტადელში მდებარე ნაგებობის ნანგრევების გაწმენდასა და სამეცნიერო შესწავლას მოიცავდა.
1.7 მეტრის სიგანის მქონე გალავანის შესწავლისას გამოვლენილი ქვების წყობას სპეციალისტები დანგრეული გალავანის ფუნდამენტს მიაწერენ, რომელიც ფერდობზე მდებარეობის გამო გადაირეცხა და მხოლოდ მიწის სიღრმეში არსებული საძირკვლის ნაშთის სახით შემორჩა.
ექსპედიციის წევრების მიერ სრულად გაიწმინდა და აიზომა ხუნწის ციხის კოშკის შემორჩენილი ნაწილი. 4.3 მ-ის შერჩენილი სიმაღლის, 6.8 მ სიგრძისა და 4.8 მ სიგანის მქონე მართკუთხა ფორმის ნაგებობას, რომელიც გალავანში ისეა ჩაშენებული, რომ მისი ნაწილი ციხის გარეთ, ხოლო მეორე ნაწილი კი შიგნით ექცევა, კარგად გათლილი კირქვით ამოშენებული საპირე წყობა აქვს. კოშკის შვერილ წყობას არქეოლოგები შუასაუკუნეების ფორტიფიკაციებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ახასიათებენ, რაც მტრის იერიშის ადვილად მოსაგერიებლად იყო განკუთვნილი.
ციტადელის შიგნით მდებარე ტაძრის დარბაზის იატაკის ქვეშ აღმოჩნდა თაღოვანი საძვალე. მასთან ერთად ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან გაწმენდილ აგურითა და ქვით ნაგებ სარკოფაგში დაკრძალული ოთხი მიცვალებულიც აღმოჩნდა. კიდევ სამი ორმოსამარხი გამოვლინდა ტაძრის დასავლეთ და სამხრეთ კედლებთან.
თავად ტაძარს რამდენიმე გადაკეთების კვალი ატყვია. მის ინტერიერში კარგად გამოიკვეთა კედლებზე მოგვიანებით მიდგმული ოთხი სვეტი, გადაკეთებული აფსიდა – ტაძრის ინტერიერში ჩაშენებული 30 სმ სიგანის ჩამოსაჯდომი ცოკოლი და სხვადასხვა დროის სამდონიანი იატაკი. ტაძრის იატაკის დონეთაგან უადრესი კირხსნარით არის მოლესილი, რასაც ზემოდან ადევს ჰიდრავლიკური ხსნარით (კირი და დაფქული აგური) მონალესი იატაკი. იატაკის მეორე ფენაზე კი კერამიკული ფილებით მოგვიანებით მოწყობილი იატაკის მესამე დონეც დაფიქსირდა.
ციხის არქეოლოგიური კვლევა, რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობს, მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამომავლოდ დაგეგმილმა სამუშაოებმა ციხის გალავნის სხვადასხვა მონაკვეთი უნდა გამოავლინოს. საქართველოს ეროვნული მეზეუმის არქეოლოგთა ექსპედიცია, რომელსაც კვლავაც არქეოლოგიის დოქტორები – ნიკოლოზ მურღულია და ბესიკ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებენ, დამატებით შეისწავლის ციხის კოშკსა და მის მიმდებარე არეალს. სრულყოფილად შეისწავლება კომპლექსის ციტადელში გამოვლენილი ტაძრის საძვალე, დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია.
ხუნწის ციხის არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით ხორციელდება.
* VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი ბიზანტიასა და სასანიანთა ირანს შორის დასავლეთ საქართველოში დაწყებული საომარი ოპერაციების დროს რამდენჯერმე იხსენიებს ონოგურისის ციხეს, რომელსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ როგორც ბიზანტიელები, ასევე ირანელები.