საქართველოს პარლამენტი ხვალ სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს პარლამენტი 24 სექტემბერს სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეტ რუდი გახსნიან. ფორუმის მონაწილეები მოისმენენ საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, თაჯან ილდემის ვიდეომიმართვასაც.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ეფექტური, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება და ამ პროცესში მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის როლის გამოკვეთა.
მაღალი დონის საჯარო დიალოგის ფარგლებში ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი მაღალი დონის მონაწილეები და დარგის ექსპერტები განიხილავენ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის ეფექტური, მდგრადი და პროაქტიული ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც განხორციელდება მთავრობის ერთიანი მიდგომითა და სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს შორის თანამშრომლობის გზით.
ფორუმზე გაიმართება მსჯელობა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სტრატეგიული კომუნიკაციები ქართულ კონტექსტში, არსებულ რთულ საინფორმაციო გარემოში და მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.
აქცენტი გაკეთდება მჭიდრო ბმაზე, რომელიც არსებობს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიღწევასა და წარმატებულ შიდა რეფორმებს შორის. იმსჯელებენ კოორდინირებული გზავნილების ქვეყნის შიგნით (საქართველოს მოქალაქეებთან) და გარე აუდიტორიასთან (ევროატლანტიკური ინსტიტუტები და პარტნიორი ქვეყნები) კომუნიკაციის ყველაზე ეფექტურ გზებზე.
დასკვნითი სხდომაზე შეჯამდება ფორუმის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები, დაისახება სამომავლო ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარ კომპონენტად ქცევა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებული და ინიცირებული ფორუმი საქართველოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების, USAID-ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები