გივი მიქანაძე: პარლამენტის ქუთაისის სასახლის ოპერირებისთვის წელიწადში 2.5 მილიონამდე ლარი იხარჯება

ქალაქ ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებისთვის დახარჯული საბიუჯეტო თანხების ოდენობით მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რომლებმაც პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისგან, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მოისმინეს.
„პარლამენტის ქუთაისის სასახლის ფუნქციონირება წელიწადში 2.5 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. თანხა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს და იმისთვის, რომ სასესიო პერიოდში პარლამენტი ქუთაისში ოპერირებდეს და შენობა ფუნქციონალურ რეჟიმში იმყოფებოდეს, პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად აღნიშნული ოდენობის თანხა იხარჯება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისში დეპუტატების საქმიანობისთვის დამატებით გამოყოფილ თანხებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის იურიდიული მისამართი არის ქალაქი ქუთაისი, შესაბამისად, ქუთაისში ჩამოსვლის დროს, არანაირ დამატებით სამივლინებო ხარჯებს დეპუტატები არ იღებენ.
„მათ აქვთ მხოლოდ ხელფასი და იმ შემთხვევაში თუ მათ უწევთ ქუთაისში დარჩენა, განთავსებასთან დაკავშირებულ თანხებს პარლამენტის წევრები საკუთარი ხარჯებიდან გასწევენ”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ. პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისის სასახლეში არსებული აპარატურის თბილისში გადატანის საკითხებზეც ისაუბრა.
„თბილისში არის გარკვეული აპარატურა, თუმცა იმ აპარატურის ნაწილის, რომელიც ქუთაისშია, გადაიტანენ და შესაბამისად, სათადარიგო ვარიანტად გამოიყენებენ, რაც დამატებითი ეკონომიის მომენტს ქმნის. შესაბამისად, როდესაც პარლამენტის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება შევა ძალაში, პარლამენტის  თბილისის სასახლე სრულ მზადყოფნაში იქნება იმისთვის, რომ სასესიო სხდომები ჩატარდეს და პარლამენტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები