საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გიოტმიოლერს უმასპინძლა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას ხაზი გაესვა, ნატო-ს უმაღლესი წარმომადგენლების ვიზიტების გააქტიურებასა და გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტს, ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე პირველად შედგა შეხვედრა, ადასტურებს, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
საუბარი შეეხო რუსულ აგრესიას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს სამიტს ბრიუსელში, იმ ძალიან მტკიცე და საინტერესო ჩანაწერებს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურების კომუნიკეში მოხვდა და სადაც, ერთის მხრივ, აღიარებული და დაფიქსირებულია რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში და, მეორეს მხრივ, ის, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
“ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ამ სამიტის შემდეგ და ხაზი გაესვა ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ გაზრდილია ინტერესი, ამ მიმართულებით, ასევე, გაზრდილია თანამშრომლობა ნატო- სა და საქართველოს შორის”, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე, მიმდინარე ცვლილებებსა და ამ ცვლილებების გავლენაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აუცილებლად დააკვირდება პროცესს, რომელიც საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები