სოფიო კილაძე: როდესაც “ევროპულ საქართველოს” სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზეც გადავიდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინი შექმნა.
მისივე თქმით, როდესაც ისინი ჩიხში შევიდნენ და სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზეც გადავიდნენ.
“სამწუხაროდ ოპოზიციამ მშობლებსა და საზოგადოებას შეუქმნა არასწორი მოლოდინი ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. თითქოს ისინი იპოვიდნენ მკვლელს და იმასაც, ვინც ამ მკვლელს ხელი დააფარა. ამიტომ ისინი შევიდნენ ჩიხში, რადგან ვერცერთი ვერ მოახერხეს. როდესაც სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ, მათ დაიწყეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ.
ბატონმა ოთარ კახიძემ ისიც კი მითხრა, ჩვენზე პარლამენტარებზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ ვრცელდებაო. პირველი, ვინც უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები, სწორედ პარლამენტის წევრები არიან. მათ მიერ წარმოდგენილი პოლიტიზირებული დოკუმენტი კი იყო თავის გადარჩენის ერთ-ერთი გზა”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მან კომისიის მუშაობისას გამოვლენილ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მასზე პარლამენტი სამართლებრივ რეაგირებას ვერ მოახდენს, თუმცა მონიტორინგს გაუწევს იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ეს გადაცდომები.
“კომისიის მუშაობიდან გამოიკვეთა დარღვევები, რომლებიც მნიშვნელოვნად არის აღმოსაფხვრელი, რაზეც შს მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და დაანონსდა რეფორმაც. ასევე იყო გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც არ გატარდა, ან მოგვიანებით ჩატარდა. ჩემი, როგორც იურისტის შეფასებით, ეს იყო ის სტრატეგია, რომელიც შეიმუშავა შესაბამისმა უწყებებმა და ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება. რაც დაადგინა საგამოძიებო კომისიამ, ამაზე პარლამენტი ვერ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას, თუმცა ჩატარებულ ღონისძიებებზე რა გადაცდომებიც დაფიქსირდა, ამ ყველაფერს პარლამენტი გაუწევს მონიტორინგს, ესეც იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორც საგამოძიებო კომისიის საქმიანობა. ფაქტების დადგენას კი, რაც კომისიის ვალდებულება იყო, ვფიქრობ თავი გავართვით”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები