ანრი ოხანაშვილი: რომელიმე უწყების მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია

ჩვენს მიერ არ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით საქმეში ჩარევას, – ამის შესახებ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ოხანაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.
„იმ ხარვეზებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საგამოძიებო უწყებებთან მიმართებაში დავადგინეთ, შევიმუშავეთ რეკომენდაციები. ჩვენ გამოვკვეთეთ, რომ აუცილებელია მ.კ-სთან მიმართებაში საგამოძიებო ორგანოებმა ინტენსიურად იმუშაონ და რაც შეიძლება სწრაფად გამოკვეთონ მისი როლი მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, რეკომენდაცია შევიმუშავეთ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიისთვის მიცემული ჩვენების საკითხთან დაკავშირებით – ხომ არ მისცა მან კომისიას ცრუ ჩვენება. გავცემთ რეკომენდაციას, რომ დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება ამ საკითხით. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება გ.მ-ს დაჭრის ფაქტის ცალკე საქმედ გამოყოფას. როგორც შს სამინისტრომ, ასევე პროკურატურამ, უნდა უზრუნველყონ საკუთარ უწყებებში სამსახურეობრივი შემოწმების განხორციელება, რათა გამოკვეთონ – ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის გადაცდომას და მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ანრი ოხანაშვილმა “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მისამართით, ისიც აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არცერთ გახმაურებულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს და ოპოზიციის ყველა შესაბამისი ინიციატივა ჩააგდეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გრძელდება.
“ქართული ოცნება“, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას არ ეთანხმება, პარლამენტს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების მიღებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები