“ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან”

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გიოტმიოლერის განცხადებით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, საქართველოდან ჯარები გაიყვანოს.
როგორც როუზ გიოტმიოლერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგელემ, დღევანდელ შეხვედრას “ბრწყინვალე შეხვედრა” უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები.
“დიდი პატივია დავბრუნდე თბილისში. ჩვენ საუკეთესო მდგომარეობაში ვიმყოფებით ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით. ივლისის სამიტზე ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც 2008 წელს გაიმართა, ჩვენ წევრობის მოსამზადებლად და ამ პროცესის წარმართვაში დაგეხმარებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საქართველოს სხვადასხვა გზებით საერთო უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეაქვს. თქვენ ავღანეთის ოპერაციაში შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი შემომტანი ხართ. საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენ, მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მონაწილეობას სხვადასხვა მისიებში. მოხარული ვარ, რომ ამ თვეში მონაწილეობას ვიღებ საქართველო-ნატო-ს კომისიაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ 3 ოქტომბერს, საქართველო-ნატო-ს კომისიის შეხვედრას ვგეგმავთ თავდაცვის მინისტრების დონეზე. ეს გვაჩვენებს დინამიური პროცესების განვითარების მაღალ დონეს საქართველოსა და ნატო-ს შორის. საქართველო წლების ვანმავლობაში თამაშობს წამყვან როლს დიალოგის გაღრმავებაში და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში ნატო-საქართველოს შორის. თქვენ შედეგებს აღწევთ რეფორმების, ეკონომიკური განვითარების, უფრო მეტად უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტებისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით”, – განაცხადა გიოტმიოლერმა.
პრესკონფერენციაზე, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოს საზღვაო და ნატო-ს საზღვაო ცენტრებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება.
“ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა უკვე ბიძგი მისცა თავდაცვის რეფორმებს თბილისის შემოგარენში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის ჩათვლით, რომელსაც რამდენიმე თვის წინ, ჩემი ბოლო ვიზიტისას პატივი მქონდა ვწვევოდი. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მოძრაობა ამ მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს ინტეგრაციას ალიანსთან. ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელშიც მოვიაზრებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. მოუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები თქვენი ქვეყნიდან. ჩვენ, ასევე შეშფოთებულნი ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსული სამხედრო მშენებლობით. შავი ზღვის აუზი პრიორიტეტი გახლავთ ნატო-სთვის, ისევე, როგორც საქართველო. მინდა დავესესხო დავით დონდუას, რომ ჩვენ ერთად გაცილებით უფრო მჭიდროდ ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვავარჯიშებთ საქართველოს სასაზღვრო დაცვის ჯგუფს, ერთობლივ ტრენინგებს ვატარებთ, ასევე ვაღრმავებთ საქართველოს საზღვაო და ნატო-ს საზღვაო ცენტრებს შორის თანამშრომლობას. ნატო და საქართველო გაცილებით უფრო ახლოს არიან, ვიდრე მანამდე, ვაგრძელებთ ერთად მუშაობას”,- განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები