გია ჟორჟოლიანი მარიხუანას მოყვანა-წარმოებაზე: ეს მხოლოდ სახელმწიფოს მონოპილია უნდა იყოს

თუ ასეთ წარმოებას ექნება ადგილი საქართველოში, ეს უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო მონოპილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხთან დაკავშირებით “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვის გადადება გონივრულია.
„მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება ასეთი რამ აწარმოოს, რამდენადაც ამას აქვს მაღალი რისკები. რისკები დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს შეიძლება სხვანაირადაც იქნას მოხმარებული, არა იმ მიზნებით რა მიზნებითაც იქნება წარმოებული, გარდა ამისა, ამის ლიცენზირება, კერძო პირებისთვის გადაცემა, ამაში კონკურენციის დამკვიდრება და ა.შ. ეს ყველაფერი კრიმინალზეც ძალიან უარყოფითად იმოქმედებს.
თუ ეს მედიცინისთვის საჭირო რამ არის, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზებულ საქმიანობაზე შეიძლება ლაპარაკი.
ასეთი წარმოება თუ ეკონომიკურად ეფექტიანი იქნა, რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, კარგია. ფარმაცია ერთერთი უმაღლესი ტექნოლოგიაა. თუ ჩვენ ფარმაციაში წინ წავიწევთ, ეს, რასაკვირველია, კარგი იქნება. ის, რომ მთავრობამ ამ ტიპის პრიორიტეტი წარმოაჩინა, მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა ფიქრობს, რომ არსებული ვითარება , არსებული ეკონომიკის სტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის საჭირო მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება იმას, რომ კანაფის შემცველი პარფიუმერული ან ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია დაუშვებელი იქნება, დეპუტატი აცხადებს: „თუ არის ისეთი მედიკამენტი, რომელიც გამოსადეგია, რატომ არ უნ და იყოს მისი დაშვება საქართველოში? ალბათ, უნდა იყოს. გონივრულია, რომ განხილვა გადადებულია“.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მომდევნო კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება.
შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები