მამუკა ბახტაძე, სამუშაო ვიზიტით, აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
20 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება მოლაპარაკებები სენატორებთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება USAID-ის მმართველს, მარკ გრინს, OPIC-ის აღმასრულებელ დირექტორს, რეი უოშბერნს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველს, დირექტორ კრისტინ ლაგარდს.
მთავრობის მეთაური, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 27 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. მანამდე, პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. მამუკა ბახტაძე ასევე, მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება. ნიუ-იორკში ვიზიტისას, დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან.
პრემიერ-მინისტრი ასევე, შეხვედრებს გამართავს აშშ-ის ბიზნესწრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები