კახა ბექაური მედიას: თქვენი საქმეა ადგეთ, გაიხედოთ ფანჯრიდან და თქვენს მაყურებელს მოუყვეთ სიმართლე

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა, შეისწავლონ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული შუალედური ანგარიში, ამავდროულად, კარგად გაეცნონ კანონს და საზოგადოებას სწორი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სთხოვა, არ მისცენ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ.
„დღეს იცით, რომ მედია თავისუფალია, იცით, რომ 98 მაუწყებელი არსებობს. მაგრამ ისიც კარგად გესმით და იცით, რომ მე თქვენი საქმეც კარგად ვიცი. ვიცი, ჟურნალისტი როგორ უნდა მუშაობდეს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, დაიცავით მთავარი პრინციპი, რაც არის თქვენი. დღეს მე ვამბობ, რომ გარეთ არის კარგი ამინდი, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია დასკვნაში წერს, რომ ჭექა-ქუხილი და წარღვნაა, თქვენი საქმე და მოვალეობაა ახლა ადგეთ, გაიხედოთ ფანჯრიდან და თქვენს მაყურებელს მოუყვეთ სიმართლე და არა ის, მე რა ვთქვი, ან დასკვნაში რა წერია. მედიამ ახლა უნდა გაარკვიოს კომისიის თავმჯდომარე ამბობს სიმართლეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველას ეს არ ეხება, მაგრამ მედიას ძალიან უჭირს რომ სიმართლე თქვას და თავად გაერკვეს საკითხში – რა არის სწორი. ამიტომ გთხოვთ, ამ ამბავში შეძლოთ კარგად გარკვევა, და უთხრათ მაყურებელს სადაა სიმართლე“,- განუცხადა კახა ბექაურმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში შეაფასა და მას არაკვალიფიციური უწოდა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებლად უნდა მოხდეს აღნიშნული შუალედური ანგარიშიდან რიგი საკითხების ამოღება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მიკერძოებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები