ანა ჟვანია გაეროს ასამბლეის წინაშე ეროვნული სამოსით და საქართველოს დროშით წარდგა (ფოტოკოლაჟი)
17 წლის ანა ჟვანია გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის 22-ე სესიაში მონაწილეობდა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.
18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, ქართველი მონაწილე პირველია, ვინც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სკოლაში ჩაირიცხა.
ანა გაეროს ასამბლეის წინაშე ქართული ეროვნული სამოსით და საქართველოს დროშით წარდგა.
ანა ჟვანია: „ასამბლეაზე თავი მოიყარეს დელეგატებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. თითო ქვეყანას ათამდე წარმომადგენელი ჰყავდა, ხოლო საქართველოდან მხოლოდ მე გახლდით.
გვიტარდებოდა როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაოები. მრავალფეროვან ტრენინგებს გვიტარებდნენ სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები.
მეოთხე დასკვნით დღეს, ეროვნული სამოსის დემონსტრირებაზე, ქართული ეროვნული სამოსით წარვადგინე ჩემი ქვეყანა. ეროვნულმა სამოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სცენაზე გასულს დამსწრე საზოგადოების ოვაცია მესმოდა.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მრავალ ადამიანს გაუჩნდა ჩემთან სურათის გადაღების სურვილი და დაინტერესდნენ, რომელი ქვეყნიდან ვიყავი, სად მდებარეობდა ჩვენი ქვეყანა და ასე შემდეგ…
მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება რაც, ვფიქრობ, სამომავლოდ დამეხმარება განათლების გაღრმავებაში“.