მწერალთა სახლში შოთა ჩანტლაძის ლექსების კითხვის საღამო გაიმართება

17 სექტემბერს, 19:00 საათზე,   მწერალთა სახლში შოთა ჩანტლაძის ლექსების კითხვის საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, შოთა ჩანტლაძის ლექსებს წაიკითხავენ პოეტები და მისი პოეზიის მოყვარულები.
შოთა ჩანტლაძის ლექსებს წაიკითხავენ: შოთა იათაშვილი, დიანა ანფიმიადი, გიორგი ლობჟანიძე, პაატა შამუგია, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, გიორგი ჩუთლაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და სხვები.
საღამო იმით იქნება გამორჩეული, რომ თითოეულ სტუმარს შეეძლება, გახდეს მონაწილე და წაიკითხოს პოეტის რომელიმე ლექსი ან მინიატურა.
წელს, 13 ივნისს შოთა ჩანტლაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ის, ნიკო სამადაშვილთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი პოეტია, რომელსაც სიცოცხლეში არაფერი გამოუქვეყნებია – მისი ლექსები ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა, ხოლო უნივერსიტეტის ბაღს, სადაც შოთა ჩანტლაძის მოსასმენად გასული საუკუნის 60-იან წლებში ხშირად იკრიბებოდნენ პოეზიის მოყვარულები, “შოთას უნივერსიტეტს” ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შოთა ჩანტლაძის კრებულები პოეტის სიკვდილის შემდეგ არაერთხელ გამოიცა, მისი მნიშვნელობა და როლი ქართულ პოეზიაში ჯერ კიდევ შეუფასებელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები