ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გურამ მელიქიძე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ირინე კოშორიძე, ფესტივალის კოორდინატორი, საქართველოს ტრადიციული რეწვის წარმომადგენელი ირინა მანია და USAID Zrda Activity in Georgia-ს
პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში – ქეთი ჭუმბურიძე უძღვებოდნენ.
ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი ახალციხეში, ციხის ტერიტორიაზე, 14-16 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები – ღია მასტერკლასები – კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, ფილიგრანი, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა.
ფესტივალში მონაწილეობენ ადგილობრივი და მოწვეული ოსტატები; ექსპერტები სხვადასხვა ქვეყბიდან – თურქეთი, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.
ოსტატების სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. ფესტივალის ფარგლებში მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის და უნიკალურ გამოფენას – „XIX-XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში“, სადაც წარმოდგენილი იქნება მუზეუმის არქივში არსებული ძველი სახელოსნოების ფოტომასალა, ასევე გამოიფინება ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული მაკეტები.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა; სახელოსნოების ინსიტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა.
ფესტივალის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, USAID Zrda Activity in Georgia, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი;
ორგანიზატორი: საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.