„Re-Woven: მემკვიდრეობის დაცვა, აღორძინება, ადამიანების სიყვარული“ – რაიან სმიტის ოჯახის ხსოვნას გამოფენა მიეძღვნება
12 სექტემბერს, 19:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი გამოფენას – „Re-Woven: მემკვიდრეობის დაცვა, აღორძინება, ადამიანების სიყვარული“ – უძღვნის რაიან სმიტის ოჯახის ხსოვნას და მის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტს „Re-Woven“.
როგორც „კვირას“ ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რაიან სმიტის ამ პროექტის ფარგლებში მოქსოვილი ხალიჩები და პროცესების ამსახველი ფოტომასალა.
რაიან სმიტი მუზეუმის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. წლების განმავლობაში მას მუზეუმთან პროფესიონალური ურთიერთობაც აკავშირებდა: იგი მუდმივად მონაწილეობდა მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალებში (2016, 2017 წწ), მასპინძლობდა ტექსტილის დარგის ცნობილ ექსპერტებს, ატარებდა ამ პროექტის პრეზენტაციებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
„რაიან სმიტის პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხითაც, რადგან მხოლოდ მან შეძლო ტრადიციული კომპოზიციის ხალიჩების ქსოვის აღორძინება იმ რეგიონებში, სადაც საუკუნეების განმავლობაში იქსოვებოდა ისინი. ეს პროექტი მეტად ღირებულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან მას აქვს უდიდესი სოციალური ფუნქციაც – ეს პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ეს ხალიჩები გამოირჩევა ქსოვის მაღალი ტექნიკით, სპეციფიკური ორნამენტული დეკორითა და კოლორიტით, სახეებითა და მოტივებით, რომლებიც ქართველებისა და აზერბაიჯანელების საუკუნოვანი თანაცხოვრების ანარეკლია.
ამ ხალიჩების პოპულარობა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ გვწამს, რომ რაიან სმიტის მიერ დაწყებული საქმე გაგრძელდება მისი მეგობრების, გულშემატკივრებისა და იმ სოფლების მოსახლეობის თანადგომით, სადაც რაიანი მუშაობდა და მისი ოჯახი ცხოვრობდა. მუზეუმი დიდ მადლობას უხდის რაიან სმიტის ოჯახს, მის მეგობრებს, ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ გამოფენის ორგანიზებაში“, – აცხადებენ მუზეუმში.
მისამართი: შალვა დადიანის №28, სოლოლაკი.