საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, ძალადობა არ დაუშვან

საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, ძალადობა არ დაუშვან, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია.
„ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი, გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განურჩევლად აღმსარებლობისა, სრულიად მიუღებელია.
რა თქმა უნდა, იგი მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანებს, პირიქით, იგი ზრუნავს მათთვის და იღვწის მათ გამოსწორებაზე. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რადგან ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელას იწვევს. ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია, დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისგან.
შევნიშნავთ იმასაც, რომ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით ქუჩაში მსვლელობას აპირებენ. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მას და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რადგან ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობისა“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.
შეგახსსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ტაძარში 12:00 საათზე პარაკლისი შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები