რუსეთში საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ОВД-Инфо” ავრცელებს.
სამართლებრივი ორგანოს ვებ-გვერდის თანახმად, სანქტ-პეტერბურგში 452 ადამიანი დააკავეს, ომსკსა და მოსკოვში 43-43 ადამიანი. პერმში 23 დაკავებულია, ყაზანში – 22, ტვერში – 20, უფაში – 17, ხაბაროვსკში – 15, ტომსკსა და ბელგოროდში – 13, ჩელაბინსკსა და ლიპეცკში – 12, ხოლო ნოვოსიბირსკში -10. გარდა ამისა, სხვადასხვა ქალაქში კიდევ 80 ადამიანი დააკავეს. სულ 1018 ადამიანია.
ტელეარხ “Открытой России”-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვში აქციის მონაწილე ორ მამაკაცს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება წაუყენა.
შეგახსენებთ რომ, 16 ივნისს რუსეთის მთავრობამ კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 2028 წლისთვის კაცების საპენსიო ასაკი 60-დან 65 წლამდე, ხოლო 2034 წლიდან ქალების – 55-დან 63 წლამდე გაიზრდება.