პირს, რომელიც ვაკეში “ბუპრენორფინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.თ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.თ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 5 სექტემბერს, ქ.თბილისში, ზ.ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა ორმოცი ცალი „სუბუტექსის“ ტაბლეტი, საერთო წონით, 15,62 გრამი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით 0,3120 გრამს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.თ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა“,- აცხადებენ პროკურატურაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გ.თ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები