მამაკაცს, რომელმაც სტუმარი ჯერ მოკლა და მერე ხევში გადააგდო, 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარებასა და გასაღებაში ბრალდებული ნ.ქ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, წარსულში ნასამართლევმა ნ.ქ.-მ, მასთან სახლში მყოფ დ.ტ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ორჯერ ესროლა, შემდეგ კი სახისა და კისრის არეში რამდენჯერმე დაუსვა დანა. მიღებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, დ.ტ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ქ.-მ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დ.ტ.-ს გვამი მდინარე მტკვართან არსებულ ხევში გადააგდო. იმავე საღამოს, მან ჩადენილი მკვლელობის შესახებ მეგობრებს უამბო, შემდეგ კი მათთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და გ.ი.-ს დახმარებით, გვამი მდინარეში გადააგდო.
2018 წლის იანვრის დასაწყისში, ნ.ქ.-მ მკვლელობის იარაღი – ორლულიანი გადაჭრილი თოფი გ.ი.-ს სახლში მიუტანა და შესანახად გადასცა, საიდანაც ამოღებული იქნა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. 2018 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა – თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები