საქართველო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალში რამდენიმე ნამუშევრით მონაწილეობს

ტორონტოს კინოფესტივალზე წელს რამდენიმე ქართული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ნინო ჟვანიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “აღლუმი” მსოფლიო პრემიერა სწორედ ტორონტოში გაიმართება. ფილმი ბავშვობის სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, ხოლო მესამე – ავანტურისტი მექალთანე მსახიობი.
ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის – გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ახალი წელი” ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ეს არის დრამა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის.
გიორგი სიხარულიძის ნამუშევარი ტორონტოში უკვე მეორედ ხვდება. 2016 წელს საკონკურსო პროგრამაში მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “წითელი ვაშლები” იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ტორონტოში გაიმართება ევა ჰუსონის ფილმის “მზის გოგონები” საერთაშორისო პრემიერა. ფილმი საფრანგეთი-ბელგია-საქართველოს კოპროდუქციაა და საქართველოშია გადაღებული.
“მზის გოგონები” წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა და კინოფესტივალის მთავარი პრიზის – “პალმის რტოსთვის” იბრძოდა.
ტორონტოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე TIFF Filmmaker Lab, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერ კინემატოგრაფისტებს მასპინძლობს, საკუთარ პროექტს “ცარიელი სახლი” რატი წითელაძე წარადგენს.
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი 6-16 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები