გია ლორიას სოლოგამოფენა – ,,პარალელური გადაადგილება“ გაიხსნება
11 სექტემბერს, 19:00 საათზე, გალერეა „იარტიში“ გია ლორიას სოლოგამოფენა – ,,პარალელური გადაადგილება“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო რამდენიმე წლის ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა მითოლოგიური და მუსიკალური ნაწარმოებების მოტივების მიხედვით;
გია ლორია დაიბადა თბილისში, 1960 წელს. სწავლობდა ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში (1975-1979) და თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1981-1987). 1980-იანი წლებიდან გაერთიანებული იყო ჯგუფში „არქივარიუსი” (კარლო კაჭარავა, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე, მამუკა ცეცხლაძე), ამავე თაობის არტისტებთან ერთად მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში ე.წ. მეათე სართულისა და მარჯანიშვილის თეატრის სახელოსნოში.
1980-ანი წლებიდან მონაწილეობდა ჯერ ე.წ. სახლის გამოფენებში, სადაც მხატვრები თავიანთ სახლებში და სახელოსნოებში აწყობდნენ ნამუშევრების ჩვენებას, შემდეგ თბილისის მხატვრის სახლში, „ქარვასლაში”, გალერეებში – TMS, „მერანი“ ეწყობოდა ჯგუფის გამოფენები.
1987-88 წლებში ლენინგრადის სახელმწიფო მუზეუმში გამართულ ქართული ავანგარდის გამოფენაში ლორიაც მონაწილეობდა. 1990-ანი წლებიდან ლორიას ჰქონდა გამოფენების სერია გერმანიისა და საფრანგეთის არაფორმალურ სივრცეებში.
მხატვრის სოლოგამოფენები: მათ შორის, 1996 წელს ეროვნული მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი გამოფენა – „ის, რაც ჩვენ გვახსოვს”; 2002 და 2003 წლები გამოფენები „ძველ გალერეაში“ და გალერეა “უნივერსში”; 2010 წელს – სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში. 2012 წელს ლორიას ნამუშევრები ნაჩვენები იყო ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე – „Reframing the 80s – 1980-1990-იანი წლების ქართული ხელოვნება”.
მისამართი: დ. უზნაძის N13.