დავით კეზერაშვილისა და მისი სიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა დასრულდა

 

ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილისა და მისი სიძის, მელი ჯანაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა. აღნიშნულ საქმეზე განაჩენს მოსამართლე რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც პროცესი რეპლიკის ეტაპით გაგრძელდა. პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმაც და კეზერაშვილის ადვოკატმაც იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილება მათთვის მისაღები იქნება.
“საბრალდებო პერიოდი მოიცავს 2006 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე მონაკვეთს. ვიმედოვნებთ, რომ მიღებული იქნება ობიექტური გადაწყვეტილება და მელი ჯანაშვილს და დავით კეზერაშვილს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ”, – განაცხადა პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა.
საპირისპიროს აცხადებს კეზერაშვილის ადვოკატი. როგორც შოთა მინდელმა სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს დანაშაულთან შეხება არ აქვს.
დავით კეზერაშვილს დის ქმართან, მელი ჯანაშვილთან ერთად ბრალი ედებოდა კონტრაბანდული სპირტის შემოტანის სქემის მფარველობაში, ასევე ქრთამის აღებაში. აღნიშნული დანაშაული, დადასტურების შემთხვევაში, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები