ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა

ხორავას კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნას, რომელიც 67 გვერდისგან შედგება უახლოეს საათებში ბიუროზე წარადგენენ. მას კომისიის 9 წევრმა დაუჭირა მხარი. სერგი კაპანაძის თქმით, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია და მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე თითქმის 5 დღის განმავლობაში განიხილავდნენ.
რაც შეეხება 19-გვერდიან დასკვნას, რომელიც ანრი ოხანაშვილმა კომისიას დღეს წარუდგინა, მხოლოდ ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი.
3 სექტემბერს საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი და წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.
დასკვნის პირველი და მეორე ნაწილი 1 და 2 სექტემბერსაც გასაჯაროვდა. დასკვნის არსებულ ნაწილებს არ ეთანხმება ქართული ოცნება.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები