სიყვარული, რომელიც სიცოცხლეს ასი წლის მერე დაამთავრებს

 ნარგიზა ერგემლიძე,- ქალბატონი, რომელიც ხატავს, ლექსებს და სიმღერებს წერს, ლამაზ ნივთებს ამზადებს. საკუთარი სამყარო აქვს, საიდანაც ყოველდღიურობას აკვარელის ფერებითა და სიტყვებით აზავებს.

– ქალბატონო ნარგიზა, თქვენი აზრით, რით განსხვავდებით ჩვეულებრივი დიასახლისისგან?
– ბევრით არაფრით, მეც სხვებივით ყოველდღიურობაში ყოფნა მიწევს. ოჯახი ზრუნვას მოითხოვს, ვალდებულებები თავსაყრელადაა. განსხვავება კი ისაა, რასაც სხვები ცოტა უცნაურობაში მითვლიან. აი, მაგალითად, ღამე შემიძლია ავდგე და ხატვა დავიწყო, ან სიმღერის წერა მომინდეს და ამით ოჯახის წევრები შევაწუხო. ასე რომ, გამოდის, მესაკუთრეც გახლავართ… კიდევ, ცოტა უცნაური ვარ, მიყვარს, როდესაც ჩემზე ზრუნავენ. ნაკლიც მაქვს,- პატივმოყვარეობა… მეგობრები მიყვარს, მაგრამ მათაც შემიძლია ვაწყენინო, თუმცა გვიან ბოდიშსაც ვუხდი და ეს სირცხვილად არ მიმაჩნია, თანაც ისინი ძალიან მიყვარს…
– მხატვრობა, პოეზია და მუსიკა – რთულია სამი მუზის ერთგულება?10346725_747515611946270_944339725_n
– სამი მუზის ერთგულება რთული არ არის, მაგრამ მათი “სტუმრობა“ერთდროულად არ ხდება. არის პერიოდი, როცა მარტო ვხატავ და სხვა არაფერი მინდა, შემდეგ მთავრდება რაღაც და ახალი ეტაპი იწყება, მაგალითად, თუნდაც ლექსების წერის დრო… მერე კი, რა თქმა უნდა, რაღაც სულ სხვა ტალღა უნდა წამოვიდეს. ჩემს შემთხვევაში უფრო სევდიანი განწყობის ტალღა და ლექსიც იწერება. რაც შეეხება სიმღერებს, არ ვიცი, მელოდია და ტექსტი როგორ მოდის,- ეს ერთდროულად ხდება. მე მყავს მეგობარი მუსიკოსი და მას პირველად ვასმენინებ შექმნილ მელოდიას და ის მიწონებს, ზოგ შემთხვევაში კი მისწორებს. ეს ყველაფერი სიცოცხლის უნარს მაძლევს. მართალია თითოეული ნამუშევარი ენერგიის დიდ ნაწილს გაცლის, მაგრამ მერე ეს ყველაფერი ორმაგად გიბრუნდება.
– პირველი ნახატი, პირველი სტროფი და პირველი აკორდი,- როგორი იყო მათი შექმნის წინაპირობა?
– ხატვით ღრმა ბავშვობიდან ვხატავდი, ვხატავდი ყველგან: გაკვეთილებზე, სახლში, სტუმრად და ყველგან. მახსოვს, ერთხელ დედამ მეგობართან სტუმრად წამიყვანა. იქ კედელზე ძველი ნოხი ეკიდა, როდესაც ისინი საუბარში იყვნენ გართული, იმ ნოხზე დავხატე. აი, ჩემი პირველი ნამუშევარიც ეს იყო. აკადემია არ დამიმთავრებია, – ვფიქრობ, აკადემიური სწავლება, რასაკვირველია, საჭიროა, დაახლოებით ისე, როგორც ჩვილს ჭსირდება ზრუნვა გარკვეულ ასაკამდე, მერე კი ხელოვანი უნდა გათავისუფლდეს ამ მარყუჟებიდან და საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბოს.
ამიტომ დასაწყისში უნდა ისწავლო და მერე განავითარო საკუთარი ნიჭი. სიმღერაც სკოლის ასაკიდან დავიწყე, მაგრამ მაშინ მეზობლის გოგონამ დამცინა და დავიმორცხვე. მახსენდება, რამდენი დავიწყებდი სიმღერას, მისი სიტყვები მახსენდებოდა და გულნატკენი ვჩერდებოდი. ერთი სიტყვით, თუ უფალმა ნიჭი დაგაბერტყა, ვერანაირი ასაკი და გარემო ვეღარ შეგაჩერებს. ლექსები გვიან დავიწყე, გულახდილი ვიქნები, სკოლაში ხატვის გარდა არაფრით გამოვირჩეოდი, მაგრამ წიგნის კითხვა მიყვარდა და კითხვაში ღამეებს ვათენებდი. სკოლის პროგრამაზე მეტად განათლება მსოფლიო ლიტერატურამ შემძინა. როცა შვილი გამიჩნდა, ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. ნინის თემაზე ნახატიც დავხატე, “დედაშვილობა“ სხვადასხვა ვარიანტით. მას შემდეგ შვილი ჩემი შთაგონების წყაროდ იქცა.
– ლამაზ ნივთებსაც ამზადებთ, ყველაზე მეტად რის გაკეთებას გთხოვენ?
– ვამზადებ სხვადასხვა ნივთს, მინდა, რომ ისინი ადამიანებს სიცოცხლეს ულამაზებდნენ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩემ მიერ გაკეთებულ ჩანთებზეა. ეს ნივთები ყველას მოსწონს. არ ვიცი, ეს ალბათ რაიონის ნაცნობობის შედეგია, მაგრამ იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და მათ გაყიდვაზე მერე ვზრუნავ.
– თქვენი ცხოვრების ლექსი…
– ბავშვურ ოცნებად დამრჩა
თეთრ მყინვარწვერზე ასვლა,
კავკასიონის ქედიდან
არწივის ფრთების გაშლა.
ცაში აფრენა ღრუბლებთან
და ვარსკვლავებთან – აღმა,
სემირამინდას ბაღების
ოცნებად დამრჩა ნახვა.
– დღეს როგორი განცდით ცხოვრობთ?..10352717_747515771946254_639966355_n
– ახლა შუა ასაკში ვარ,- ეს ცხოვრების გვიანი შემოდგომაა და მოსავალი დამიგროვდა, ახალგაზრდულ ასაკში მარტო ტკბობაში ხარ და სიცოცხლის სილამაზესა და სრულყოფილებას ვერ ხედავ. ჩემს ასაკში კი ყველაფერი მოგწონს და ძვირფასი ხდება. მთელი ცხოვრება შეყვარებული ვარ. ჩემი პირველი სიყვარული მოკლე ისტორიად დარჩა, ჩვენი გზები გაიყო. ისე ახლა სხვა ქვეყანაშია, ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა უკვე მოჭრილია… ასე, რომ ყველაზე ტკბილ მოგონებად დღემდე გამომყვა ჩემს პირველ ქორწინებაში დამარხული სიყვარული, რომლითაც ალბათ სიცოცხლეს ასი წლის მერე დავამთავრებ…
– რა არის ის, რასაც ვერასდროს შეელევით?
– შვილი, არა შვილიც წავა… გაფრინდება. ოცნებას კი, მართლაც, ვერ შეველევი. ოცნებას, რომელშიც ბავშვობა, აწმყო და მომავალი მაქვს შეფუთული და ყველგან თან დამაქვს.

თეონა გოგნიაშვილი

10356523_747515678612930_1315318919_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები