ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, შრომით კანონმდებლობაში სტაჟირების საკითხი დარეგულირდება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ცვლილებები შედის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ,,შრომის კოდექსში“.
აღნიშნული ინიციატივის მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო აქტის დონეზე ჩამოყალიბდება სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებები და სტაჟირების პერიოდის ჩაითვლება სამუშაო გამოცდილებად. აღნიშნული ცვლილების მიღება არსებითად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით არ არსებობს სისტემური რეგულირება სტაჟირების ინსტიტუტთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული საკანონმდებლო აქტები, სადაც ცალკეულად გაბნეულია სტაჟირების მომწესრიგებელი ნორმები, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული N410 დადგენილება, თუმცა, არც აღნიშნული დოკუმენტია გამყარებული საკანონმდებლო აქტის დონეზე რეგულირებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის არასისტემურ მოწესრიგებას და აუცილებელს ხდის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას. ფრაქცია ,,ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტული სისტემური ხედვის არსებობა საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით, განსაკუთრებით კი, თავდაპირველი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიმართულებით, რასაც ემსახურება საკანონმდებლო ინიციატივა.
რაც შეეხება არსებით პრობლემატიკას, რის გამოც იქნა შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა, არის ის, რომ, რეალურად, პრაქტიკაში არსებობს აღნიშნული ინსტიტუტი, თუმცა, სტაჟიორები და პრაქტიკანტები ვერ სარგებლობენ ვერანაირი შეღავათებით სტაჟირების გავლის მიუხედავად. მათთვის არაფრისმომცემია სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამ დოკუმენტის საფუძველზე აღნიშნული პირები ვერ ახდენენ თავიანთი უფლებების რეალიზაციას კერძო თუ საჯარო უწყებებთან ურთიერთობისას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, მათ შორის სტაჟირების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებით კიდევ გაგრძელდება მუშაობა სხვა კომიტეტებში.
ფრაქციაში მიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებით ახალგაზრდებისთვის გაჩნდება პერსპექტივა საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზებისთვის, ხოლო სტაჟირების ინსტიტუტის სისტემური განვითარება თანაბრად წაადგება, როგორც ახალგაზრდების ინტერესებს, ასევე იმ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ეტაპობრივად და საფუძვლიანად კარიერული საფეხურების გავლის შედეგად ჩამოყალიბებული საკადრო რესურსი.