თეა წულუკიანი: ნინო გვენეტაძე გადადგა, პრეზიდენტს კი მადლობაც კი არ გადაუხდია მისთვის

„პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები და ნინო გვენეტაძე წარადგინა. როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს“, – აცხადებს საქრთველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ამასთან, მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართულ და უკვე დასრულებულ კონსულტაციების პროცესს სპექტაკლი უწოდა.
„ვერ ვხედავ ნეგატივს იმაში, რომ პრეზიდენტმა მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე დაასახელოს კანდიდატურა, თუკი არ გაურბის პასუხისმგებლობას. იურიდიულ წრეებში ბევრი ღირსეულია და პოვნა არ გაუჭირდება, მთავარია მოისურვოს“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საკითხი დგება მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი პარლამენტს კანდიდატურას წარადგენს.
„ვიდრე პრეზიდენტი თავის პრეროგატივასა და ვალდებულებას არ ახორციელებს, ძნელია, ისაუბრო მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე და გეგონოს, რომ არის მმართველი გუნდის ბრალი. შევყურებთ პრეზიდენტს, დაასახელოს მართლმსაჯულების ხელმძღვანელის კანდიდატურა, თუმცა ვფიქრობ, რომ მას კონსულტაციები ჩაუვარდა“, – განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრმა ნინო გვენეტაძის დასახელების ფაქტიც გაიხსენა.
„პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები და ნინო გვენეტაძე წარადგინა. როდესაც ნინო გვენეტაძე გადადგა, ერთი მადლობაც კი არ გადაუხადა მის მიერვე წარდგენილ ადამიანს. როგორც ჩანს, ამ ადამიანის მთავარი სამუშაო იარაღი კონსულტაციებია“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები