რას აცხადებს ანაკლიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობარი და რას ჰყვება ფაქტის თვითმხილველი

ყველანი გაოგნებულები ვართ. გიორგი გამორჩეული ახალგაზრდა იყო, კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე, – ამის შესახებ ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 24 აგვისტოს დაღუპული 23 წლის ახალგაზრდის გიორგი ნიშნიანიძის მეგობარი „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს.
გიორგი ნიშნიანიძის ოჯახი სამტრედიაში ცხოვრობს. იგი თბილისში, “კავკასიის უნივერსიტეტში” ჯანდაცვის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწავლას წელს ამთავრებდა. როგორც ირკვევა, გიორგი მეგობრებთან ერთად ჩავიდა ანაკლიაში ფესტივალზე და იქ ცუდად გახდა.
„ყველანი გაოგნებულები ვართ. გიორგი გამორჩეული ახალგაზრდა იყო, კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. თბილისში სწავლობდა – კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ბევრი გეგმა განუხორციელებელი დარჩა. გამორჩეული ოჯახის შვილია.ახლახან დაიწყო მუშაობა, ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო ამ ამბით დედამისი. ბიჭი ახლა იწყებდა ცხოვრებას და ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვეთ. დედამისი გერმანულის სპეციალისტი და სამტრედიაში სკოლის დირექტორია. რაღაც პროგრამით გერმანიაში სამუშაოდ გაუშვეს და იქ ასწავლიდა კოლეჯში. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და თავს ამხელა ტრაგედია დაატყდა. გიორგი არასოდეს ყოფილა ნარკოტიკის მომხმარებელი და რა მოხდა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ვერავის ვერაფერს ვეკითხებით, ისე ვართ, შეძრული“, -ამბობს გიორგის მეგობარი.
ფესტივალის მონაწილე, ფაქტის თვითმხილველი ამბობს, რომ ბიჭი მოულოდნელად გახდა ცუდად, თუმცა მიზეზზე არ საუბრობს:
„ვცეკვავდით, უცებ ატყდა ჩოჩქოლი, რომ ბიჭი შეუძლოდ გახდა. მოვიდა „სასწრაფო“ და მალე წაიყვანეს. თან პოლიციაც მიჰყვებოდა, მისდევდა ხალხიც. მგონი მეგობრები იყვნენ. მერე მეორე „სასწრაფოც“ გამოჩნდა, თქვეს, რომ გოგოც ცუდად გახდაო. რომელი ნარკოტიკი მოიხმარეს, ჩემთვის უცნობია. ალბათ იმ ბიჭმა ნარკოტიკთან ერთად ალკოჰოლიც მიიღო“, – ამბობს ფაქტის თვითმხილველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები