ზაზა გაბუნია მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორ, შალვა კერესელიძესთან შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც გუბერნატორის ინიციატივით გაიმართა, განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისათვის თემატურია, საუბარი შეეხო მცხეთა-მთიანეთის მხარის პოტენციალს, დაგეგმილ რეფორმებს და რეგიონის განვითარების პერსპექტივებს.
როგორც ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ აღნიშნა, რეგიონში არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკანონმდებლო ხელისუფლების და კომიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო პროცესში კოორდინებულ კომუნიკაციაზე.
შეხვედრის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა გუბერნატორის პოსტზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას ახალ საქმიანობაში.
„ შალვა კერესელიძე გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანია, რომელიც შესანიშნავად იცნობს რეგიონს და ზოგადად რეგიონულ საკითხებს. მცხეთა-მთიანეთის მხარე არა მხოლოდ ისტორიულადაა გამორჩეული, არამედ აქვს დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა ხალხისა და მთავრობის ნდობა გაამართლოთ” -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები