მამუკა ბახტაძე: დღეს ქართული სახელმწიფო განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზეა და მის მოთხოვნებს სრულად პასუხობს კონსტიტუციის ახალი რედაქცია

„საქართველოს ჯერ კიდევ 1921 წელს ჰქონდა მიღებული უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის კონსტიტუცია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმდროინდელ ევროპაში სწორედ საქართველოს კონსტიტუციას თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პროგრესულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მიღების დღე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია და ეს დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს და მეგობარს მიულოცა.
პრემიერის თქმით, სწორედ 1921 წელს მიღებული კონსტიტუციის საფუძველზე, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია და ამ მთავარი დოკუმენტით, ძირითადი კანონით განისაზღვრა – „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები – როგორ ქვეყანას ვაშენებთ და როგორი უნდა იყოს მისი მომავალი”.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, დღეს ქართული სახელმწიფო განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზეა, რომლის მოთხოვნებს სრულად პასუხობს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და ის საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტად უნდა იქცეს.
„კონსტიტუციამ სათანადო ადგილი უნდა დაიმკვიდროს და შეიძინოს ის მნიშვნელობა, რომელიც ერის გამაერთიანებელ ქვეყნის ძირითად დოკუმენტს უნდა ჰქონდეს. საკონსტიტუციო პროცესში ნათლად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ძირითადი კანონი, როგორ არის საზოგადოება მასში ჩართული და რამხელა ინტერესი გამოიწვია კონსტიტუციის თითოეულმა დებულებამ ჩვენს მოქალაქეებში. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამდე, საჯარო განხილვებისას ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს. მისასალმებელია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამოინახა კომპრომისის გზები და მივაღწიეთ შეთანხმებას მთავარ პრინციპებზე, რადგან ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი – ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, მაღალი დემოკრატიის პირობებში სტაბილურობასა და პლურალიზმს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას და ავტოკრატიის რისკს.

„სწორედ ჩვენმა გუნდმა გადადგა ნაბიჯები პარლამენტის როლის გაძლიერებისკენ, რითაც საქართველო საბოლოოდ შედგა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკად. მისასალმებელია, რომ ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირმა ახალგაზრდა დემოკრატიამ წარმატებულად გაიარა საკონსტიტუციო პროცესი. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს გულითადი მადლობა გადავუხადო. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს კონსტიტუცია დღეს, სამწუხაროდ, ვერ მოქმედებს ჩვენი სამშობლოს მთელს ტერიტორიაზე და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამაერთიანებელი. იმედი მაქვს, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია გავრცელდება ერთიანი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და გახდება დემოკრატიული ღირებულებებისა და თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მთავარი პროკურორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონსტიტუციის ახალი რედაქცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები