გორში, ფერმერებს კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ხუცაიძემ გორში, შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას და კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის შეფუთვისათვის საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებას მოიცავს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 2019 წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება მომსახურების შესყიდვა, რომელიც მოიცავს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ რძის გადამამუშავებელი საწარმო. მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%-ს .
სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს ბრენდირების კომპონენტს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება ხელს შეუწყობს კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას.