ცქიტიშვილი მერკელის ვიზიტზე: მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება კონკრეტული საუბრები ეკონომიკურ, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე
ველოდები, რომ ძალიან კონკრეტული, მკაფიო გზავნილები იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ გერმანია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს.
„მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება ძალიან კონკრეტული საუბრები ეკონომიკურ, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, მხარდაჭერაზე იმ გამოწვევების მიმართ, რომლის წინაშეც საქართველო იმყოფება, კონკრეტულად ოკუპირებული ტერიტორიები იქნება ეს თუ სხვა უსაფრთხოების საკითხები რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ამ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ველოდები, რომ ძალიან კონკრეტული, მკაფიო გზავნილები იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხვალ, 23 აგვისტოს ეწვევა.