თურქი მაშველები – მაღაროში უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა
თურქი მაშველები ამბობენ, რომ მაღაროში, სადაც აფეთქება მოხდა, უსაფრთხოების ზომები არ არსებობდა. იქ დასაქმებულმა ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ავარიის შემთხვევაში. ყველაზე გამოუცდელები აფეთქების შემდეგ გასასვლელისკენ გაიქცნენ და ბუნებრივი აირით ადგილზე გაიგუდნენ. შედარებთ გამოცდილებმა კი თავი სიღრმეში შეაფარეს, სადაც სუნთქვის საშუალება ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროს მმართველმა კომპანიამ ეკონომიის მიზნით არ განაახლა სავენტილაციო სისტემა, რამაც ავარიის შემდეგ ადამიანების გადარჩენის შანსი თითქმის არ დატოვა. მუშაობის არაადამიანურ პირობებზე საუბრობენ მაღაროში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრებიც. თურქეთის მთავრობა პირობას დებს, რომ მომხდარს გამოიძიებს. მოსახლეობა კი, მათი გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავს.
ქალაქ იზმირში და სომაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გამოვიდა. მიტინგი პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. აქცია გაიმართა სტამბოლშიც, მოსახლეობა მომხდარში მთავრობას ადანაშაულებს. სომაში კი სამძებრო – სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, აღარ დასახელდება მიწისქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი და სპეციალური სამსახურები მხოლოდ დაღუპულთა რაოდენობას გამოაცხადებენ.
ბოლო მონაცემებით, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 300-ს მიუახლოვდა.