სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო

0

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარ დ.რ-ს მიმართ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა დასრულდა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი კ.ყ.  წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით, დადასტურებულია, რომ 2008 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, დააკავეს დ.რ, რომელსაც 2008 წლის 27 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილეში.
ბრალდებულ დ.რ.-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსზე შესახლების შემდგომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა და მე-3 სარეჟიმო კორპუსის ოფიცერმა, კ.ყ-მ გადაწყვიტა დ.რ-ზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების მიზნით.
2008 წლის 27 ოქტომბრიდან 2009 წლის 16 მარტამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დ.რ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, კ.ყ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სა და სხვა თანამშრომლებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის C3 ფლიგელში დ.რ-ს კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის ბრალად შერაცხილი დანაშაულის აღიარება, ამ უკანასკნელისგან უარის მიღების შემდეგ კი მის ხელთ არსებული ხელის რადიოგადამცემი, ე.წ. „რაცია“ ძლიერად ჩაარტყა სახის არეში. დარტყმის ძალის შედეგად, დ.რ. წაიქცა და დაეცა ძირს, რის შემდეგაც კ.ყ. უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ.ჩ-სთან ერთად, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა მას და გამეტებით ურტყამდა ფეხებს თავში, ტანის არესა და კიდურებზე, რის გამოც დ.რ. განიცდიდა ძლიერ და აუტანელ ტკივილს.
დ.რ-ს საკანში დაბრუნების შემდეგ,  კ.ყ-მ იგი მკაცრად გააფრთხილა, რომ მისი ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა.
აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე კვირაში, სასამართლოს მიერ დ.რ-სთვის განაჩენის გამოტანამდე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით, კ.ყ. და ლ.ჩ. გლდანის №8 საპყრობილის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შევიდნენ გლდანის №8 საპყრობილის მე-3 სარეჟიმო კორპუსის №236-ე საკანში, სადაც მოთავსებული იყო ბრალდებული დ.რ. კ.ყ-მ დ.რ-ს კვლავ ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ჩადენილ დანაშაულს, რაზეც უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ, კ.ყ-მ და ლ.ჩ-მ მისი მისამართით დაიწყეს გინება და სახეში რამდენჯერმე გაარტყეს ხელი.
დაზარალებული დ.რ-ს ცემა და ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საქმისთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი.
კ.ყ-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა დ.რ-ს უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი – კ.ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვის ვადით.
რაც შეეხება დ.რ-ს მიმართ ძალადობაში მხილებულ მეორე პირს – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორ ლ.ჩ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, მისი გარდაცვალების გამო.

კომენტარები

კომენტარი