საჯარო დაწესებულებებში სტაჟირებისთვის მემორანდუმს ხელი მოეწერა
განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის კანცელარიას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, მემორანდუმის ძირითადი მიზანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფაგლებში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლა, მათი აკადემიური მოსწრებისა და პროფილის გათვალისწინებით.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ისაუბრა საქართველოში განათლების საერთაშორისო ცენტრის დაარსების მნიშვნელობასა და ახალგაზრდებისათვის საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებზე. საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ქალბატონმა ეკატერინე ქარდავამ ხაზი გაუსვა საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტის და უნივერსიტეტებთან მემორანდუმების გაფორმების მნიშვნელობას. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმ მრავალ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დასაქმების პრობლემის მოგვარებას.