გეგა გეგეშიძე მაისურების თემაზე: ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია
ჭიდაობის ეროვნული ნაკრების წევრებმა ფოტოები რუსეთის დროშისფერიანი მაისურებით გადაიღეს, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამოლატ თედეევია გამოსახული. მათივე განმარტებით, ამით დიდი ხნის მეგობარსა და კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის თქმით, ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ტურნირზე ჩამოსულ თედეევსაც ეცვა მაისური, ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებით.
“მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებიანი მაისური, რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ, ბიჭებოო? მთელი მსოფლიო ჩვენს დროშას რომ აქვეყნებს. თედეევიც იყო ამას წინათ საქართველოში ტურნირზე ჩამოსული და მასაც ეცვა მაისური, ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებით. ამაში უცნაური არაფერია. ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად. საცოდავი ბიჭი – ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მან გადაწყვიტა, ეს კაცი რომ ოჯახშია დასაფლავებული, ვინმემ იცით? მტერი რომ გახდა, თურმე, ჩვენი მეგობარი რომ დაგვეხმარა, გაიგეთ ვინმემ?” – განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ.
ცნობისათვის, ძამოლატ თედეევი ცხინვალში დაიბადა და წარსულში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია.
წყარო: “რუსთავი2”