ირაკლი ლექვინაძე: უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება

“უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების საშუალება”, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან სასტუმრო “ველმონდისათვის“ საქმიანობის შეჩერების მოთხოვნის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესში რაიმე ხისტ მოქმედებას კომპანიის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
„სასტუმრო „ველმონდთან“ დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობდა აქტიური სამუშაო პროცესი. ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და რაიმე ხისტ მოქმედებას კომპანიის მიმართ ან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს ლექვინაძე.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, სასტუმროს მენეჯმენტი ყველა იმ ხარვეზის შესახებ ინფორმირებულია, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება.
„გვესმის რომ სეზონის პიკზე სასტუმროსთვის საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მტკივნეულია, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ობიექტში უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიამ უნდა აჩვენოს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების პროგრესული დინამიკა და უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება. ასე შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების საშუალება. ჩვენ გავაგრძელებთ მედიაციის როლის შესრულებას სასტუმრო „ველმონდის“ მენეჯმენტსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს შორის და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ უფრო აქტიურადაც ჩავერთოთ პროცესში”, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები