„შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა. კანონპროექტთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საპარლამენტო კომიტეტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული შენიშვნები. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოდგენილი კანონპროექტი მუხლობრივად განიხილეს.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კანონის მთლიანად ძალაში შესვლა 2019 წლის 1 სექტემბერს იგეგმება.
„ეს არის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ბოლო ვადა და პარლამენტშიც გვაქვს ეს განწყობა, რომ ეს ვადა დავიცვათ, თუმცა შესაძლებელია, გარკვეული საკითხების შესრულება სხვადასხვა ვადებზე იყოს გათვლილი იმიტომ, რომ საბოლოოდ, ყველა დირექტივის შესრულების ვადა 2023 წელს იწურება”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექცია ინსტიტუციური გაძლიერებისთვის უკვე დგამს შესაბამის ნაბიჯებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ერთად, გარკვეული ფორმით, მონაწილეობა მივიღოთ მათი სტრატეგიის, პოლიტიკის ჩამოყალიბებაში იმიტომ, რომ ეს ინსტიტუტი უნდა გახდეს, ერთი მხრივ, უფლებათა დამცველი, ხოლო მეორე მხრივ, პარტნიორი ბიზნესკომპანიებისთვის”, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სამუშაო ჯგუფი „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მორიგ შეხვედრას მომდევნო კვირაში გამართავს.