ლევან იზორია: ჩვენ ამ სწავლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ აშშ-ის მიერ გაჟღერებულ პოლიტიკასთან

„ჩვენ ამ სწავლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ აშშ-ის მიერ გაჟღერებულ პოლიტიკასთან, რაც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში აისახა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „ღირსეული პარტნიორი 2018“- ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიამ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ამ სწავლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ აშშ-ის მიერ გაჟღერებულ პოლიტიკასთან, რომელმაც ოფიციალური სახე გუშინწინ, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჰპოვა. განსაკუთრებული აქცენტი ევროპაში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ასევე, ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებაზეა გაკეთებული. ჩვენ, ამ სწავლებითაც, ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ. აქტში აღნიშნულია, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, უნდა მონაწილეობდეს უფრო ფართომასშტაბიან რეგიონალურ წვრთნებში, შავი ზღვის ფარგლებში“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ღირსეული პარტნიორი 2018“ რეგიონში ჩატარებული წვრთნების ციკლის ერთ-ერთი სწავლებათაგანია და საქართველო ავტორიზაციის აქტით გაჟღერებულ პოლიტიკას ადეკვატურად პასუხობს.
„საქართველო პასუხობს იმ მთავარ მოთხოვნებს, რაც ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ არის წაყენებული და რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გაუმჯობესებას უკავშირდება. ამ დოკუმენტში ხაზგასმითაა საუბარი საქართველოსთვის ნატო-ს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის პრინციპულად შენარჩუნებაზე და ყოველივე ეს, სწორედ ამ საყოველთაო სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება,“ – განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები