არჩილ კაიკაციშვილი: პრეზიდენტს არასწორად მიჰყავს სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი, დროა დასახელდეს ვადები და კანდიდატები

“საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი გაუგებარი მეთოდოლიგიით მიჰყავს, ვინაიდან საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრების დროს, მომავალი თავმჯდომარის პროფესიულ და პიროვნულ მახასიათებლებზეა საუბარი და არა კანდიდატებზე, რაც პროცესს პოლიტიკურ დღის წესრიგს აძლევს და ამით მთლიანად ზიანდება მართლმსაჯულება”, – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარის წარდგენა საქართველოს პარლამენტის მიმართ პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა 2015 წლისგან განსხვავებით, დღევანდელი პროცესი გამჭვირვალე არ არის და არ მოიცავს საზოგადოების ფართო ჯგუფებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ესაუბრა სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილს, პროფესიული ინსტიტუციების მხოლოდ მცირე წარმომადგენლებს, ქმნის დიალოგის წარმოჩენას და ფაქტობრივად, პროცესი მიმდინარეობს არასწორი მეთოდოლოგიით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს რეპუტაციის, კვალიფიკაციისა და ნდობის მაღალ სტანდარტს და მოცემულ ეტაპზე, შეუძლებელია სხვა მიდგომები გამოიკვეთოს, მაგრამ მხოლოდ „ფართო დიალოგის წარმოება“ კრიტერიუმებზე სასაუბროდ, რეალურ შედეგებს არ მოიტანს. პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს კონკრეტული ვადა და ყველას საშუალება მიეცეს – სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო და პროფესიულ წრეებს, საინიციატივო ჯგუფებს – მათი თანამონაწილეობა და ჩართულობა გამოხატოს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენისათვის. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, დახურულ კარს მიღმა გამართული კითხვა-პასუხის რეჟიმი, თუკი პრეზიდენტი ასეთი ფორმით არ შეარჩევს და პარლამენტში წარადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, გადადგომის შემდეგ, არსებობდა თუ არა პრეზიდენტსა და ქალბატონ ნინო გვენეტაძეს შორის კონტაქტი.

“პრეზიდენტმა მაშინ თქვა, რომ ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინო გვენეტაძის განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურდა, ნინო გვენეტაძის გადადგომა არ ყოფილიყო მიჩქმალული, როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, თუმცა უცნობია, რა ძალისხმევა იქნა საპრეზიდენტო ინსტიტუტის მხრიდან განხორციელებული იმ რეალური მიზეზების დასადგენად, რომელიც ნინო გვენეტაძის გადადგომასთან მიმართებით არსებობს და თუ კონტაქტი შედგა პრეზიდენტსა და სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოსახლეობას უფლება აქვს პრეზიდენტის პოზიცია მოისმინოს – რატომ გადადგა ნინო გვენეტაძე, უნდა მივიღოთ თუ არა დასახელებული ოფიციალური მიზეზი” – განაცხადა “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასება, რომლის თანახმადაც, ნინო გვენეტაძემ მათი იმედები ვერ გაამართლა. ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს რთულ და გარდამავალ პერიოდში ხელმძღვანელობდა და საკასაციო სასამართლომ შეძლო დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნება. ნინო გვენეტაძემ ქართული სასამართლო სისტემის განვითარებისთვის, აირჩია მკვეთრი პოზიცია და რეფორმების კვალდაკვალ, მხარი დაუჭირა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ერთნაირად პოპულარული და მისაღები ვერ აღმოჩნდა მოსამართლეთა გარკვეული ნაწილისთვის. ამიტომაც, მისი გადადგომა, გაცილებით მეტ კითხვას აჩენს და იმავდროულად, პასუხს სცემს საერთო სასამართლოების სისტემაში დღეს მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა ისაუბროს გვენეტაძის მმართველობის სირთულეებზე და დაასახელოს, რა გააკეთა მან ისეთი, რაც იმედების გაცრუების საფუძველი გახდა ან მცირე დროის შემდეგ, რატომ არ გამოთქვამს პრეზიდენტი იგივე შეფასებას სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მიმართაც, რომელსაც მართლმსაჯულების სისტემაში სათანამშრომლოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოს პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უცვლელი პირები ხვდებიან.

არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მოქმედი მოსამართლე იქნეს შერჩეული.

“მომავალი ხელმძღვანელი ვერ იქნება თვითშემოქმედი, მხოლოდ კანონის კარგი მცოდნე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი პროფესიული და პიროვნული ავტორიტეტით უნდა იყოს ერთნაირად მისაღები ხელისუფლების ყველა სხვა შტოსთვის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის, სასამართლო კორპუსისთვის, მართლმსაჯულების განმახორციელებელი ბრალდებისა და დაცვის მხარისთვის, საზოგადოებისთვის. ასეთი ადამიანები საერთო სასამართლო სისტემაში არიან, თუმცა სასამართლო რეფორმის გარდამავალ ეტაპზე და გამოწვევების პირობებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესანიშნავ ხელმძღვანელად ქალბატონ მზია თოდუას ვისურვებდი”, – ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები