ბიძინა გეგიძე და ზაზა პაპუაშვილი სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – ბიძინა გეგიძე და ფრაქციის თავჯდომარის მოადგილე – ზაზა პაპუაშვილი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს მასშტაბით მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფებისა და მათი გამომწვევი მიზეზების გაცნობის მიზნით შეხვდნენ. შეხვედრაზე თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგებიც განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნენსკრას ხეობაში 5 ივლისს მომხდარ კატასტროფაზე. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ექსპერტების განმარტებით, ნენსკრას უეცარი ადიდება მყინვარული ტბის სწრაფმა დნობამ გამოიწვია.
„ნენსკრას ხეობაში 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ბოლო 3 წლის მანძილზე, ყველაზე მაღალი ტემპერატურა სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა, თუმცა, აღნიშნული მოვლენა არ შეიძლება ჩაითვალოს კატასტროფის გამომწვევ ერთადერთ მიზეზად. როგორც კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური მონაცემების დეტალურმა ანალიზმა გვიჩვენა, ნენსკრას ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკად მდინარე ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა, რამაც წარმოქმნა დაახლოებით 100-მეტრიანი ჩანჩქერი, რომლის ჩადინებაც მოხდა მდინარე ნენსკრას კალაპოტში.
საინტერესოა, რამ გამოიწვია მყინვარული ტბის უეცარი დნობა? NASA-ს მონაცემებზე დაყრდნობით, აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის მარტში, საჰარის უდაბნოდან წამოსულმა მტვრის ნაკადმა მაქსიმალურ ნიშნულს საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად, სვანეთსა და აფხაზეთში, 23 მარტს მიაღწია. ამ დღეს წამოვიდა ნალექიც, სვანეთში – თოვლის სახით. ცნობილია, რომ ჭუჭყიანი თოვლის ზედაპირი გაცილებით მალე დნება, შესაბამისად, ის პროცესები, რაც ნენსკრას ხეობაში ივლისის დასაწყისში მოხდა, დიდწილად, ამ მოვლენას უკავშირდება“,- განაცხადა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ მუდმივი მონიტორინგის და კვლევების საჭიროება აღნიშნა.
„საკითხის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და დამატებითი კვლევების ჩატარება, რადგან ჩვენ ისტორიული მეხსიერება არ გაგვაჩნია – არასდროს ჩატარებულა მსგავსი დაკვირვებები. ნენსკრას კალაპოტმა გაფართოება დაიწყო მყინვარული ტბიდან. ამ ეტაპზე, გადავრჩით, რადგან კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მსგავსი ბუნებრივი მოვლენებისგან არასდროს ვართ დაზღვეული. მონიტორინგისა და წინასწარი შეტყობინების სისტემების არსებობისა და ფუნქციონირების პირობებში, შესაძლებელი იქნება, გონივრულ ვადაში, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში, ევაკუაცია“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
ექსპერტებმა და დეპუტატებმა შეხვედრაზე განიხილეს თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე ე.წ. პროკურორების კორპუსის მშენებლობის განახლების საკითხიც. ე.წ. პროკურორების კორპუსის მშენებლობა დაახლოებით 2 დღის წინ განახლდა, პროცესი მიმდინარეობს ინტენსიურად, ღამის საათებშიც, ამოყვანილია კედელი, 2 მეტრის სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შეჩერებული ჰქონდა მშენებლობა, ხოლო მთლიანად, ჟვანიას ქუჩაზე გამოცხადებულია მორატორიუმი.
აღნიშნული ფაქტი თბილისის მერმა, კახა კალაძემაც დაადასტურა, როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ გენგეგმით უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა და ქაოტური განაშენიანების დარეგულირება. საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებამდე კი საჭიროა სიღრმისეული კვლევების ჩატარება. სწორედ ასეთ არეალად მოიხსენია თბილისის მერმა ჟვანიას ქუჩა, ვერეს ხეობის პარალელურად.
ბიძინა გეგიძე, რომლის სამაჟორიტარო ოლქშიც ექცევა ჟვანიას ქუჩა, აქტიურად აგრძელებს ექსპერტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიურ კონსულტაციებს.
„ბოლო თვეებია, აქტიურ რეჟიმში ვსწავლობთ ჟვანიას ქუჩის განაშენიანების საკითხს და თავსებადობას, გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდრავლიკური თვალსაზრისით. ე.წ. პროკურორების კორპუსი არის ნელი მოქმედების ნაღმი. მშენებლობის გაგრძელება იმ სახით, როგორც 2 დღის წინ განახლდა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშენდეს საყრდენი კედელი, ვინაიდან მეწყერსაშიშ ზონაში ხდება კორპუსის მშენებლობა“, – აცხადებს ბიძინა გეგიძე.
უახლოეს პერიოდში, ბიძინა გეგიძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ექსპერტებთან ერთად, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროცესებს ადგილზე გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები