პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის მიღება გაიმართა.
საქართველის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისთვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ: გიგა ჩიხლაძე – ტელეკომპანია “ალანიას” ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიოს, RFI-სთვის მუშაობდა, სტან სტორიმანსი – ტელეკომპანია RTL-ის ოპერატორი და ალექსანდრ კლიმჩუკი – “იტარ-ტასის” ფოტორეპორტიორი. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ.
“დღეს ჩვენ გამოვყოფთ იმ ჟურნალისტების ღვაწლს, რომლებმაც სიცოცლე შესწირეს სიმართლეს. თანამედროვე სამყაროში სიმართლის ჩვენება ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ველია. ბუნებრივია ასე გაგრძელებული ეს ბრძოლა, რომელიც ერის გაუტეხელობას და საკუთარი სიმართლის შეგრძნებას ეფუძნება, რა ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი, იქნება ბოლომდე მიყვანილი”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტოგამოფენაც გაიმართა, სადაც ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა. პრეზიდენტის სასახლეში ასევე მოეწყობა თომა ჩაგელიშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის, “ჰიბრიდული ომის” ჩვენება. სიმბოლურად, დღესვე ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ეროვნული მედეგობის ცენტრის დაფუძნებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები