საქართველოში ვიზიტით მყოფმა მაღალი რანგის სტუმრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუმრებთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა დგას. დავით ზალკალიანმა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ადგილზე არსებული ვითარება სტუმრებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მონახულების შემდეგ, მინისტრებმა და ვიცე-პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ეს არის არა მარტო სოლიდარობის გამოხატვა, არამედ არის მათი პოზიციის ძალიან მკაფიო დაფიქსირება. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და საქართველოში ჩამოსული მაღალი დონის დელეგაციები მოგვყავს ოკუპაციის ადგილას, არის იმის გამოხატულება, რომ მათ თვალნათლივ ნახონ, თუ რა შედეგები მოჰყვა ოკუპაციას, თუ როგორ არის გახლეჩილი საზოგადოება ორად, როგორ არ ეძლევათ ადამიანებს წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაზე, როგორ ვერ ხერხდება, რომ მათ მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე, როგორ ექმნებათ პრობლემები თავისუფალი გადაადგილების კუთხით. ეს არის მძიმე შედეგი ოკუპაციისა, რომელიც 10 წლის წინ დადგა და თანამედროვე სამყარო და საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ დაიწყოს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი), ლიეტუვას (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი (პავლო როზენკო) თბილისს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“. ასევე, პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას, მათ შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები