მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა, საქართველოს ხელისუფლებისა და მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 
“10 წლის წინ, რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს, ქართული სახელმწიფოს მიმართ, დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ქართულ ოჯახს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი. საქართველოს ტერიტორიის 20%, სამწუხაროდ, ჯერ ისევ ოკუპირებულია და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ამაზე ჩვენი პასუხია ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერისთვის. ისინი, როგორც 10 წლის წინ, დღესაც დგანან ჩვენ გვერდით. ისინი ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები