ირაკლი კობახიძე: საქართველოს წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე

„აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, საქართველო უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო სტაბილური ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნის წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ” განაცხადა.
ირაკლი კობახიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს საქართველოში ჩამოსვლისა და მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, 10 წლის წინ, მათი ქვეყნების ლიდერთა პროტესტმა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარდასაჭერად დარაზმა და ყველაზე მძიმე დღეებში, ქართველ ერს მომავლის რწმენა დაუბრუნა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ქართული დემოკრატიის უმთავრეს კერაში – საქართველოს პარლამენტში. პარლამენტი იყო ის ადგილი, სადაც ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით, განხორციელდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა. აქ ჩაისახა დემოკრატიული მმართველობა და განვითარდა ქართული სახელმწიფოებრიობის თანამედროვე სისტემა. პარლამენტი კვლავაც ქართული საპარლამენტო დემოკრატიის ყველაზე მტკიცე საყრდენია, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლების ერთგულია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
10 წლის წინ, აგვისტოს დღეებში, 2008 წელს, სწორედ პარლამენტის სასახლის წინ შეიკრიბნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მეთაურები, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმა პროტესტმა მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვა საქართველოს მხარდასაჭერად და იმედი მოგვცა ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, რომ გადარჩებოდა ჩვენი თავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში, თქვენმა გვერდით დგომამ ჩვენს ხალხს მომავლის რწმენა დაუბრუნა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ მეგობარ ქვეყნებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ომის შემდეგაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„თქვენი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის შემდეგაც, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პირობებში, საქართველოს განვითარებისა და წინსვლისათვის. საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია არა მარტო პოლიტიკური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, საქართველო უფრო ძლიერი, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანაა და მისი წარმატება რუსეთის აგრესიაზე ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხია.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობას განახლებული და უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში განაგრძობს და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც ჩვენი თავისუფლების განმტკიცებისთვის კრიტიკულად აუცილებელია.
„თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევძელით, მიგვეღწია მეტი რეგიონული სიმშვიდისა და მშვიდობისათვის. საქართველოს მთავრობის მშვიდობისმყოფელმა პოლიტიკამ შეგვაძლებინა, შეგვემსუბუქებინა ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მძიმე შედეგები და ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა საერთაშორისო ავტორიტეტი. საქართველო მტკიცედ დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას, რამაც გააძლიერა ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობა, გააძლიერა თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებების პატივისცემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობს განახლებული და უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში და ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია ჩვენი თავისუფლების განმტკიცებისთვის. დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება საქართველოში ტრადიციად იქცა, რამაც ჩვენს ხალხს გაუჩინა თავდაჯერებისა და სიამაყის განცდა. ასევე, დემოკრატიისა და თავისუფლების მაღალი ხარისხი შეუძლებელს ხდის საქართველოს დაბრუნებას დიქტატურისა და ძალადობის სივრცეში, რაც განაპირობებს ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობის დიდ მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა.
„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, ბოლო წლებში, დიდი ნაბიჯები გადავდგით, რამაც მოგვიტანა მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში და სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან. ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მთავარი პრიორიტეტია, რომელსაც თანმიმდევრულად და განუხრელად მივყვებით. იმავდროულად, ვაძლიერებთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემას მეტი სიმტკიცისა და მდგრადობისათვის, რადგან გვესმის, რომ თავისუფლების დაცვას დიდი ძალისხმევა და თავგანწირვა ესაჭიროება. ჩვენს წინაშეა უდიდესი გამოწვევა – დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნებით, შევძლოთ შემდგომი აგრესიის პრევენცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მსოფლიოს თავისუფალ თანამეგობრობაში გაწევრიანება, რაც გულისხმობს ნატო-სა და ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას. ჩვენმა ხალხებმა არაერთხელ გამოსცადა ეს უსამართლობა და ძალადობა, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ თავისუფლებას წინ ვერაფერი აღუდგება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატება ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოების მაღალი დონე ძალას გვმატებს და გვარწმუნებს, რომ საქართველოს მოსახლეობაც მალე იზეიმებს ასეთივე წარმატებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომით, საქართველო განამტკიცებს ეროვნულ თავისუფლებას, აღიდგენს მთლიანობას და თავისუფალი ევროპისა და ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა. სიტყვით წარდგნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ვიზიტით მყოფი პოლონეთის (იაცეკ აჩაპუტოვიჩი), ლიეტუვისა (ლინას ანტანას ლინკევიჩუსი) და ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი (პავლო როზენკო).
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარების, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკისა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები