ქეთევან ციხელაშვილი: დღეს არსებული ვითარება არც ქართველების, არც ოსების და არც აფხაზების ინტერესში არ შედის

„დღეს შეიძლება სრულიად ცალსახად ითქვას, რომ არსებული ვითარება არც ქართველების, არც ოსების და არც აფხაზების ინტერესში არ შედის. მეტიც, ის ყველას გვაზარალებს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის -2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ 10 წელია, მიმდინარე ოკუპაცია ყოველდღიურობის მძიმე გამოწვევას წარმოადგენს.
„10 წელია, მიმდინარე ოკუპაცია ყოველდღიურობის მძიმე გამოწვევას წარმოადგენს ათასობით ადამიანისთვის ხელოვნური გამყოფი ხაზის, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. დევნილები ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. 60-ზე მეტი სოფელი ფიზიკურად არის გახლეჩილი 100 კილომეტრამდე მავთულხლართებით და ერთ-ერთი მონაკვეთი დღეს ჩვენმა სტუმრებმაც მოინახულეს. განსაკუთრებით მძიმე გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა. მზარდი იზოლაციისა და მილიტარიზაციის ფონზე, წლიდან წლამდე მატულობს რუსიფიკაციის ღია საფრთხის აღქმა ადგილობრივ მოსახლეობაში.
ფაქტია, რომ დაყოფის ეს უხეში სტრატეგია, რომელსაც რუსეთი საქართველოს გარდა, უფრო ფართო სამეზობლოშიც იყენებს, მუშაობს პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ. ამასთან, ვითარება სულაც არ არის გაყინული. რეგულარულია სხვადასხვა სახის პროვოკაციები – იქნება ეს ხელოვნური ბარიკადების აღმართვა, გადასასვლელების დაკეტვით ბოლო პერიოდში მზარდი ადამიანური კონტაქტების შეზღუდვა, ადამიანების უკანონო დაკავებები და ყველაზე მძიმე შემთხვევაში, სიცოცხლის ხელყოფაც კი.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ან ოჯახების წინააღმდეგ, არამედ ყველას უსაფრთხოების და მშვიდობიანი მომავლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა. ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მადლობა გადაუხადა ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
„დღეს შეიძლება სრულიად ცალსახად ითქვას, რომ არსებული ვითარება არც ქართველების, არც ოსების და არც აფხაზების ინტერესში არ შედის. მეტიც, ის ყველას გვაზარალებს. სწორედ ამიტომ, საქართველო დგამს ახალ დინამიკურ და პროაქტიურ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც საფუძვლად უდევს სწორედ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებები. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – ეს არის მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის სახელწოდება, მისი შინაარსიც ეს გახლავთ და სულისკვეთებაც. მადლობას მოვახსენებ პარლამენტს, რომელმაც ამ ინიციატივას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. საზოგადოებების დონეზე უკვე გამოხატულია ინტერესი ხელოვნური გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, ამ ინიციატივის მკაფიო, ღია და სოლიდური მხარდაჭერისთვის. ეს არის მომავალში ჩვენი საერთო სამშვიდობო ძალისხმევის წარმატების წინაპირობა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ მომავალში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც საქართველოში გიმასპინძლებთ მავთულხლართების გარეშე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები