გრიგოლ ვაშაძე: რუსეთს შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ, მაგრამ არასოდეს დავივიწყებთ

„რუსეთის ფედერაციას შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ, მაგრამ არასოდეს დავივიწყებთ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, რუსული აგრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვაშაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს ეს არ გამოუვიდა და ქვეყანამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება შეძლო.

“2008 წლის სამხედრო-ტერორისტულ აგრესიაში რუსეთს ყველაფერი ჰქონდა მზად. ცხინვალის რეგიონში უკვე განთავსებული იყო რუსეთის სამხედრო შენაერთები, ოსური ბანდფორმირებები მომზადებული იყვნენ. ის კი არა, მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობაც კი იყო უკვე განსაზღვრული, რომელიც ვინმე ბასტრიკინმა გაახმოვანა 2008 წელს. მაგრამ ამ ადამიანების გმირობამ და მათი სისხლის ფასად, საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.

1990 წლიდან, მეექვსე ომი იყო, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ ეს ომი იყო პირველი, როდესაც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმა, პირდაპირ მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე. ჩვენი არმიისა და მოსახლეობის, ასევე, საქართველოს ხელისუფლებისა და მოკავშირეების ძალისხმევით, ეს გეგმა ჩაიშალა. არასოდეს ჩვენ ამას არ დავივიწყებთ. რუსეთის ფედერაციას შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ, მაგრამ არასდროს დავივიწყებთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები