“მებრძოლი გმირების უკვდავსაყოფად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს და წინ წავიდეს”
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას, მთავრობის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო. როგორც მან განაცხადა, გმირების უკვდავსაყოფად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს და წინ წავიდეს.
“10 წელი გავიდა აგვისტოს მძიმე დღეებიდან. ძალიან რთული დღეები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და სამწუხარო რეალობაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები და მათ უკვდავსაყოფად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს და მათი სულები ყოველთვის უნდა მოვიხსენიოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს. პირიქით, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული, ამ ბიჭების და ამ ადამიანების სახით და წარმოვაჩინოთ ჩვენი გმირები”, – განაცხადა თბილისის მერმა.