„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეზე კვლევა და რეკომენდაციები გამოაქვეყნეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „მეტალინვესტის“ საქმეზე სამართლებრივი კვლევის პრეზენტაცია გამართეს და საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საერთო სასამართლოების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბიზნესომბუდსმენის მიმართ, საქმეზე რეკომენდაციები წარმოადგინეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის 2010 წლის 7 აპრილს დაიდო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა კომპანიის მაშინდელი დირექტორი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა კომპანიის უძრავი ქონებების გასხვისება.

“ამის შესაძლებლობას კომპანიის მაშინდელ დირექტორს არ აძლევდა სპეციალური შეზღუდვა. კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მაშინდელ დირექტორს საზოგადოების წესდების ჩანაწერის თანახმად, გააჩნდა ხელმძღვანელობაზე შეზღუდული უფლებამოისლება და ქონებების გასვისება აკრძალული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ს.ს. „საქართველოს ბანკმა“ კომპანიის ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია მაინც განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის ივნისში. დანაშაულის ნიშნები მდგომარეობს იმაში, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს უთარიღო, სანოტარო წესით დაუმოწმებელი კომპანიის ე.წ. „წესდება“, სადაც შეცვლილი იქნა ქონების გასხვისების შეზღუდვის შესახებ მანამდე არსებული ჩანაწერის რედაქცია ისეთი ფორმით, რომ საზოგადოების ქონების გასვისება არ იზღუდებოდა მისი ხელმძღვანელისგან.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დაუმტკიცა სადავო ქონებები, ხოლო მოგვიანებით, კომპანიის მიმართვის გარეშე, მოახდინა წესდებით განსაზღვრული შეზღუდვის თვითნებური გაუქმება. დღემდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო არ ახდენს კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდების მონაცემთა ბაზიდან ამოღებას. საქმეზე არ ხდება სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2008 წლის სექტემბერში, სს „საქართველოს ბანკმა“ სესხებზე საპროცენტო წლიური სარგებელი 14%-დან გაზარდა 18%-მდე. 2009 წელს, ბანკმა უარი განაცხადა დაფინანსებაზე და სესხის დაფარვის მიზნით გადავიდა საბრუნავი საშუალებების რეალიზაციაზე. წარმოდგენილი  მასალების თანახმად, შპს  „მეტალინვესტს“ არ ჰქონდა არც დამატებითი დაფინანსება და არც სასაქონლო მატერიალური მარაგები, ხოლო კომპანიის აქტივების რეალიზაციიდან ამოღებული თანხა, ძირითადად მიემართებოდა სესხის პროცენტის დასაფარად. ამდენად, შპს „მეტალინვესტი“ 2009 წლიდან 2012 წლამდე საქმიანობას არსრულებდა ზარალით. აღნიშნულს ხელი შეუწყო ს.ს. „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, შპს „,მეტალინვესტში“ დაინიშნა დროებითი ზედამხედველი კონტროლიორის სახით. შედეგების გათვალისწინებით, ბანკმა კომპანიისა და მისი დირექტორის სახელზე რიცხული, იპოთეკით უზრუნველყოფილი მრავალი მილიონის უძრავი ქონება დაისაკუთრა.

ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წლის მდგომარეობით მიიღო, მაგრამ მხარეს დღემდე არ ჩაბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება, რითაც ევროსასამართლოსთვის მიმართვის უფლება წაერთვა. ამასთან, მხარისთვის დღემდე არ არის ცნობილი, რა მიზეზითა და საფუძვლით მოხდა საქმის განმხილველი პალატის ცვლილება. დადგენილია, რომ სს „საქართველოს ბანკის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სასამართლოს სხვა შემადგელობამ, ხოლო საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა სხვმა მოსამარათლეთა პალატამ.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე შემდეგ რეკომენდაციებს აქვეყნებს:

  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განახორციელოს სწრაფი საგამოძიებომოქმედებები, საქმეზე მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, შპს „მეტალინვესტი“ ცნოს დაზარალებულად და გამოკვეთილი ბრალეული პირების მიმართ, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შპს „მეტალინვესტის“ არაირიდიული ძალის მქონე წესდების ამორიცხვა საკუთარი ელექტრონული სისტემიდან;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ნორმატიული საფუძვლების გაჩენა, რომლითაც მოწესრიგდება ნოტარიუსის მიერ გაცემული კერძო და საჯარო აქტების იურიდიული მოქმედების ფარგლები და მათი ურთიერთმიმართება;
  • ს.ს. „საქართველოს ბანკი“ ვალდებულია დაიცვას პარტნიორი ბიზნეს სუბიექტების დამოუკიდებლობა, თანასწორუფლებიანობა და კომერციული ინტერესები, დაიცვას კეთილსინდისიერების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, უარი თქვას სახელშეკრულებო ურთიერთობებში არსებულ პარტნიორ სუბიექტებთან მიმართებით ინტერესების დაკმაყოფილების ისეთ ფორმებზე, რომელიც პირდაპირ ლახავს პარტნიორი ბიზნეს-სუბიექტების უფლებებსა და შედეგად იწვევს მათი გაკოტრების პროცესს;
  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღოს ახალი რეგულაციები, რომლითაც მკაცრად გაკონტროლდება ან აიკრძალება კომერციული ბანკების შეუზღუდავი უფლება ჩაერიოს მომხმარებელი ბიზნეს-სუბიექტების მენეჯმენტის უფლებამოსილებაში და შეითავსოს მმართველობითი ფუნქცია;
  • საქართველოს საერთო სასამართლოებმა შპს „მეტალინვესტის“ საქმეზე არ განახორციელოს შერჩევითი მართმსაჯულება, დაიცვას ბიზნესის ინტერესები და სადავო საკითხები გადაჭრას სასამართლოს მიუკერძოებლობის სუბიექტური და ობიექტური ტესტის გამოყენებით;
  • საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შპს „მეტალინვესტს“ დაუყოვნებლივ გადასცეს 2015 წლის 24 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განმარტოს შპს „მეტალინვესტის“ განცხადების საფუძველზე წარმოებული დისციპლინურ საქმეზე #253/15 შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და მხარეს მიეწოდოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
  • საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა პირად კონტროლზე აიყვანოს შპს „მეტალინვესტის“ წინაშე სახელმწიფოს სხვადასხვა უფლებამოსილი უწყებების მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტები, რომლითაც ბიზნესის წინაშე დადგა უკანონო და არამართლზომიერი გადაწყვეტილებები, უზრუნველყოს შპს „მეტალინვესტის“, როგორც ბიზნესისა და თავისუფალ კონკურენტულ ბაზარზე მოქმედი კომპანიის ინტერესების დაცვა გავლენის მომხდენი ჩარევებისგან”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევაზე მუშაობა 2018 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული კვლევა, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიურ კორპუსის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები