არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, ლიხაურში არსებული პრობლემის გამო სამინისტროებს მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში არსებულ პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიმართავს.
„მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების შედეგად წარმოშობილ პრობლემას, რაზეც სოფლად მცხოვრებმა საზოგადოებამ მომმართა.
გავეცანი დოკუმენტაციას, მქონდა კომუნიკაცია მთავრობასთან, წიაღის ეროვნული სააგენტოც პირველივე შეტყობინებისთანავე ჩართულია და ადგილზე არსებულ მდგომარეობაზეც მივიღე ინფორმაცია.
რამდენადაც შემეძლო, შევისწავლე საკითხი და მიმაჩნია, რომ სოფლის მცხოვრებთა პროტესტი სამართლიანია. ინერტული მასალის მოპოვების პროცესში არის არაერთი დარღვევა. მაღალი ალბათობით, ზიანი ადგება გარემოს, მდინარე აჭისწყლის უნიკალურ ხეობას და ეკოსისტემას. ასევე, დადგენილი პრაქტიკით, ინერტული მასალის მოპოვებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა საჭიროა, რაზეც მუნიციპალიტეტს საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს.
მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი, ვინაიდან იკვეთება ამის ლეგიტიმური, სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, მიიღონ შესაბამისი ზომები ადგილზე, გარემოსადმი მიყენებული შესაძლო ზიანის გამოსწორების მიზნით.
მოსახლეობის სახელით, ვთხოვ ლიცენზიის მფლობელ მეწარმეებს, გაითვალისწინონ ადგილზე შექმნილი ვითარება და გარემოს დაცვის ინტერესი“, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები