თეა წულუკიანი – გახარიაზე: სხდომაზე ვუთხარი, რომ სუპერ ძლევამოსილი ბრძანდებოდით-თქო და ეს ნამდვილად ასე იყო, რადგან ჩვენ მას ძალიან დიდი ნდობა გამოვუცხადეთ, რითაც, როგორც ჩანს, მან ისარგებლა – გადაწყვეტილებებს ისე იღებდა, არ ათანხმებდა

იმ დროს მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი და როდესაც გახარია უკვე ოპოზიციაში გადავიდა, მაშინ გავიგე ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლების ხარვეზზე მიუთითებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

იგი გამოეხმაურა დავით სუჯაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გიორგი გახარიას ეხებოდა. კერძოდ, სუჯაშვილმა თქვა, რომ მან არ იცოდა, რას აპირებდა გახარია ჩორჩანაში.

„ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ იმ დროს მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი და როდესაც გახარია უკვე ოპოზიციაში გადავიდა, მაშინ გავიგე ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლების ხარვეზზე მიუთითებს.

სხდომაზე მე მას ვუთხარი, რომ ძალიან კარგად მახსოვს, რომ სუპერ ძლევამოსილი ბრძანდებოდით-თქო და ეს ნამდვილად ასე იყო, რადგან ჩვენ მას ძალიან დიდი ნდობა გამოვუცხადეთ, რითაც, როგორც ჩანს, მან ისარგებლა იმ გაგებით, რომ გადაწყვეტილებებს ისე იღებდა, არ ათანხმებდა. ეს სხდომებზეც გამოჩნდა, არა მხოლოდ ჩორჩანის შემთხვევაში, არამედ ასევე, 20 ივნისის თემზეც, როდესაც მან აზრი არ ჰკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც მაშინ ბატონი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა. უცნაურია, რომ ასეთ ადამიანს აზრი არ ჰკითხო, როდესაც ხარ ეკონომისტი და ამ დროს ბატონი ვახტანგ გომელაური ძალოვანი სტრუქტურების წიაღში გამოზრდილი კადრია და თავად არის ნამუშევარი წარსულში, სპეცრაზმის ერთ-ერთ დანაყოფში. ამიტომ, წესით ასეთ ადამიანს, მით უმეტეს, რომ ეკუთვნის აზრის კითხვა, უნდა ეკითხა, მაგრამ სხდომებზე გამოჩნდა, რომ მას კაბინეტში, საიდანაც გადაწყვეტილებებს იღებდა, მხოლოდ ნინო ლომჯარია და გერმანიის ელჩი ჰყავდა. ეს თვითონ თქვა სხდომაზე, ამიტომ ეს ცუდია, მაგრამ გასაკვირი, ალბათ არ არის“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები