თეა წულუკიანი: დიდი ძალისხმევით ჩააწერინა „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასოცირების შეთანხმების ტექსტში სიტყვა „ევროპული ქვეყანა“, ამის წინააღმდეგიც იყვნენ – თითქოს, არ იციან, დღეს რომ ევროპა არსებობს, ამაში ქართველი მეომრების წვლილია
ჩვენ გავაგრძელებთ სვლას, გავაგრძელებთ განვითარებას და 30 წლის შემდეგ ჩვენ და გერმანიის ელჩი ვნახავთ, ის სად იქნება და ჩვენ სად ვიქნებით, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
კითხვაზე, თუკი უვიზო მიმოსვლა ნამდვილად გაჩერდება, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი, წულუკიანმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ბრიუსელი“.
ასევე კითხვაზე, ხშირად სვამენ კითხვას, საით მიდიხარ, საქართველო? – რა პასუხი აქვთ მათ ამ კითხვაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად ევროკავშირისკენ და ევროპის გზაზე მიდიან და ამ სვლას გააგრძელებენ.
„ჩვენ ვითარდებით, ჩვენ მაინც მივდივართ, მიუხედავად მათი მხრიდან წიხლებისა, ევროკავშირისკენ და ევროპის გზაზე მივდივართ. გზაზე სირთულეები გვხვდება. ხან წყალი აღმოჩნდება ჩვენს წინ, ხან – უღრანი ტყე და ასე შემდეგ, მაგრამ წინ მივდივართ. ამას ჩვენ არ დავიშლით, ვერ მოვიშლით, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიული გზა და არჩევანი. ჩვენ თვითონ ვართ ევროპა.
როდესაც ასოცირების შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება მიდიოდა, ძალიან ბევრი შეურაცხყოფაც ავიტანეთ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ იქ ვერ ჩაიწერებოდა ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ეს ახლა არ დაიწყო. ეს დიდი ხანია, როდესაც ჩვენ გვაბულინგებდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ძლივს, როგორც იქნა, ძალიან დიდი ძალისხმევით ჩააწერინა „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასოცირების შეთანხმების ტექსტში სიტყვა „ევროპული ქვეყანა“. ამის წინააღმდეგიც იყვნენ. თითქოს, არ იციან, რომ დღეს რომ ევროპული არსებობს, ამაში დიდი ქართველი მეომრების წვლილია ისტორიულად და არა მხოლოდ მეომრების. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ სვლას, გავაგრძელებთ განვითარებას და 30 წლის შემდეგ ჩვენ და გერმანიის ელჩი ვნახავთ, ის სად იქნება და ჩვენ სად ვიქნებით“, – აღნიშნა წულუკიანმა.